logo
ENG



"ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს" - ზელენსკი

24 ივნ 202314:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/57lpo5aad47b8zf.jpeg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთში ევგენი პრიგოჟინის აჯანყებას ეხმაურება - მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მას ვერავითარი პროპაგანდით ვეღარ შენიღბავენ.

"დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი საკუთარი სისუსტისა და მისი მთავრობის სისულელის შესანიღბად პროპაგანდას იყენებდა და ახლა ისეთი ქაოსია, არავითარ ტყუილს არ შეუძლია მისი დამალვა. რუსეთის სისუსტე აშკარაა - სრულმასშტაბიანი სისუსტე", - ამბობს ზელენსკი.

მისი განცხადებით, ყველა, ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ინადგურებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ ხანს აჩერებს რუსეთის თავის ჯარსა და დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინის მიწაზე, უფრო მეტი ქაოსი, ტკივილი და პრობლემები ექნება მოგვიანებით.

"ვინც სხვა ქვეყნის სიცოცხლეების გასანადგურებლად ჯარის კოლონებს აგზავნის და როცა სიცოცხლე წინააღმდეგობას უწევს, ვერ აჩერებს მათ გაქცევისა და ღალატისგან, ვინც რაკეტებით ატერორებს და მათი ჩამოგდების შემდეგ, შაჰიდის დრონების მისაღებად თავს იმცირებს, ვისაც ხალხი ეზიზღება და ასიათასობით მათგანს ომში აგდებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მოსკოვის ოლქში საკუთარი თავი ბარიკადებში მოაქციოს იმ ხალხისგან, ვინც თავად შეაიარაღა", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

პრიგოჟინის სიტყვების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს. უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული აჯანყების მოწოდებაზე გამოძიება დაიწყო.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა